ციფრული ტექნოლოგიები და განათლების უფლება ოკუპირებულ რეგიონებში: სამართლებრივი გამოწვევები და სახელმწიფო ვალდებულებები

Main Article Content

თემურ წურწუმია
ნატო ჭითანავა

Abstract

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს განათლების უფლებას, როგორც საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ბარიერები სწავლების უწყვეტობას ზღუდავს.


„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია (მუხლი 28 და 29) და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 13) სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს განათლებაზე თანაბარი წვდომა და ბავშვის უნარების სრული განვითარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ამ სტანდარტებს ეროვნულ დონეზე ამყარებს.


ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან მათთვის განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია არა მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორებით, არამედ ტექნოლოგიური ბარიერებითაც. ციფრული ტექნოლოგიები ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად იქცა, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, შეასრულოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები განათლების უფლების რეალიზების შესახებ.


1907 წლის ჰააგის რეგულაციების („ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ კონვენცია (IV) და მისი დანართი: ომის დროს მიწაზე მოქმედი კანონებისა და ჩვეულებების შესახებ წესები.“) მიხედვით, ოკუპანტ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჯარო ინსტიტუციების, მათ შორის განათლებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ფუნქციონირება და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება (მუხლი 43). აღნიშნული ვალდებულებები კიდევ უფრო მკაფიოდაა განმტკიცებული „ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ“ ჟენევის მეოთხე კონვენციის 50-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვთა განათლებაზე და მოვლაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, დაიცვას მათი პირადი სტატუსი და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ჩარევა ბავშვთა უფლებების შეზღუდვის მიმართულებით.


საერთაშორისო სამართლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა არა მხოლოდ ეთიკური, არამედ მკაფიოდ სამართლებრივი ვალდებულებაა. ამ კონტექსტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების უფლების უზრუნველყოფა იქცა რთულ სამართლებრივ ამოცანად, რომლის გადაწყვეტაც თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანი ხარისხით დამოკიდებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, დისტანციური სწავლების პლატფორმებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. შესაბამისად, ციფრული მექანიზმები სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ინსტრუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა, დისტანციური სწავლების სწრაფმა ზრდამ გამოავლინა სერიოზული გამოწვევები: საკანონმდებლო ხარვეზები, მონაცემთა დაცვის პრობლემები, ტექნოლოგიური უთანასწორობა და ოკუპირებულ რეგიონებში ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა.


საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საოკუპაციო პირობებშიც კი თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, აუცილებელია სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება.


თემა განსაკუთრებით აქტუალურია ციფრული ეპოქის პირობებში, რადგან სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და სამართლებრივად მდგრადი ციფრული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის.

Keywords:
განათლების უფლება, ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართალი, ბავშვთა უფლებები, ციფრული ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება
Published: Jan 20, 2026

Article Details

Section
Articles