ალგორითმული ადმინისტრაციული აქტების სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საქართველოში

Main Article Content

ნინო ბოჭორიშვილი

ანოტაცია

ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება აჩენს ალგორითმული ადმინისტრაციული აქტების დანერგვის საჭიროებას. ალგორითმული გადაწყვეტილებები, როგორც ადმინისტრაციული აქტი, ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე.
ალგორითმული ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ეყრდნობა პროგრამულ ალგორითმს.


მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება ადამიანმა დაამტკიცოს ან ავტომატურად გამოიცეს, სამართლებრივ რეალობაში ის მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ აქტად, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს პირის უფლებებსა და ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ციფრული მმართველობა ეტაპობრივად ვითარდება, არ გვაქვს ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო და რაც გვაქვს ფრაგმენტულად მოიაზრებს ავტომატიზებული გადაწყვეტილების სპეციფიკას, რაც საჭიროებს როგორც კანონმდებლობის ცვლილებას, ისე გამჭვირვალობის, ეთიკურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიების შექმნას.


აღსანიშნავია, რომ, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი არ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც გულისხმობს ალგორითმით მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ არ არის განსაზღვრული, წარმოადგენს თუ არა ავტომატიზებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ აქტს; გაურკვეველია ალგორითმის დეველოპერის, ადმინისტრაციული ორგანოსა და საბოლოო
გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის პასუხისმგებლობის ზღვარი; არ არსებობს სტანდარტი, რა დონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ალგორითმის გამჭვირვალობა და დასაბუთება; მოქალაქეს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს დაასაბუთოს და გაასაჩივროს ავტომატიზებული გადაწყვეტილება, რომლის მიღების წესი მისთვის უცნობია.


კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია გაირკვეს, როგორ უნდა მოეწყოს საქართველოში ალგორითმული ადმინისტრაციული აქტების სამართლებრივი რეგულირება იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები თანდათან გადადიან ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებზე. თბილისში ტრანსპორტის ოპტიმიზაციის, სოციალური დახმარების დანიშვნის, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის და სხვა სფეროების მაგალითები ცხადყოფს, რომ ავტომატიზებული გადაწყვეტილებებები უკვე მიიღება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე სულ უფრო ხშირი ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არა ადამიანმა, არამედ ალგორითმმა გაანალიზა, რაც ახალ გამოწვევებს აჩენს როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ისე სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.


შესაბამისად, საქართველოს სამართლებრივი სისტემა დგება გამოწვევის წინაშე, როგორ მოახდინოს ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიღება ისე, რომ არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები.


კვლევა მიზნად ისახავს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ალგორითმული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ აქტს კლასიკური გაგებით; როგორ მუშაობს დასაბუთების უფლება მაშინ, როცა დასაბუთება „კოდშია“ ჩაშენებული; რამდენად შესაძლებელია ადამიანისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრება მაშინ, როცა თავად გადაწყვეტილების მექანიზმი მათთვის გაურკვეველია და როგორ იცავს სახელმწიფო პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, როცა გადაწყვეტილებები ეფუძნება ავტომატურ დამუშავებას ან მაღალი რისკის მქონე AI მოდელებს.


პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობს ერთიანი, მკაფიო, სპეციალიზებული სამართლებრივი რეგულირება, რომელიც მოიცავდა ალგორითმული ადმინისტრაციული აქტების იდენტიფიკაციას, რეგულირებას, გამჭვირვალობას, დასაბუთებას, ადამიანის ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სპეციალურ რეგულაციებს ალგორითმული გადაწყვეტილებების შესახებ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადმინისტრაციულ საქმიანობაში აჩენს კითხვებს კანონიერების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე. ასევე ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველო ვალდებულია ეროვნული სამართლებრივი აქტები მოიყვანოს შესაბამისობაში EU AI Act-ის სტანდარტებთან.

საკვანძო სიტყვები:
ავტომატიზებული გადაწყვეტილება, ხელოვნური ინტელექტი, ადმინისტრაციული სამართალი, სამართლებრივი მექანიზმი
გამოქვეყნებული: იან 20, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები