საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პრობლემატიკა და მისი ანალიზი ქართულ სამართლებრივ რეალობაში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე სამართლებრივმა სამყარომ დიდი ხანია დაამსხვრია მითი სასამართლოს შესახებ, რომელიც მას იმ ერთადერთ ორგანოდ აქცევდა, სადაც სამართლის აღსრულება იყო შესაძლებელი. დღესდღეობით ყველასთვის ცნობილია დავის გადაწყვეტის ისეთი ალტერნატიული მეთოდი, როგორიცაა, არბიტრაჟი. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის საბოლოო და მბოჭავი ძალის მქონეა (საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“, 2019). მიუხედავად ამისა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისთვის საჭიროა სპეციფიკური პროცედურების გავლა. კვლევა მიზნად ისახავს, დადებით ტენდენციებთან ერთად შეისწავლოს ამ საკითხის ირგვლივ წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ეროვნული და ნაციონალური იურიდიული ლიტერატურის შესწავლის გარდა, ნაშრომში გააანალიზდა ქართული სასამართლო პრაქტიკა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სიღრმისეულად შესწავლილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული თავისებურებანი. კვლევისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ შესახებ კონვენციამ და 2009 წელს UNCITRAL-ის ფარგლებში გაეროს მოდელური კანონის საფუძველზე შემუშავებულმა საქართველოს კანონმა „არბიტრაჟის შესახებ“ (კეკენაძე გ., ტყემალაძე ს., „გზამკვლევი არბიტრაჟში“, 2017, გვ:1), რომლის დახმარებითაც განისაზღვრა ძირითადი ასპექტები, პროცედურები, თავისურებანი, უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემათა სიას მიეკუთვნება.
გარდა ამისა, ნაშრომში დამუშავებულია აღნიშნული საკითხის შესახებ არსებული სასამართლო გადაწყვეტილებები, ხაზგასმულია პროგრესული მოსაზრებები და განმარტებები. კვლევის მიღმა არ დარჩენილა ქართულ სამართლებრივ რეალობაში არსებული თანამედროვე გამოწვევებიც, შეფასდა მათი დადებითი თუ ნეგატიური ეფექტი.
კვლევამ დაადასტურა, რომ არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის, განვითარებას თანამედროვე სამართლებრივ სამყაროში ცვლილებები სდევს თან. თვალსაჩინო გახდა აღნიშნული ინსტიტუტის გაზრდილი როლი ბიზნეს სექტორში. ცალსახად დასაბუთდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პრობლემატიკის აქტუალობა ეროვნულ სამართალში და ამასთანავე, წარმოჩინდა კანონში არსებული ხარვეზები.
ნაშრომზე მუშაობის პერიოდში გაღრმავებული ცოდნის საფუძველზე დასკვნაში გაიცა რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა ალტერნატივები მესახება ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დასახელდა ხელშემწყობი გზები იმისათვის, რომ მომავალში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მეტად გამართული და გამარტივებული პროცედურები ვიხილოთ.