პაციენტის პერსონალური მონაცემები ციფრულ ეპოქაში: სამართლებრივი ჩარჩო და თანამედროვე გამოწვევები

Main Article Content

ნატო ჭითანავა
ანა გობრონიძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში განხილულია პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები ციფრულ ეპოქაში, სადაც ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად მუშავდება ელექტრონულ სისტემებში, სხვადასხვა პლატფორმებსა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებში. პაციენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ინფორმირებული თანხმობის ტრადიციული ფორმა, რომელიც ისტორიულად დაკავშირებული იყო მხოლოდ სამედიცინო ჩარევის რისკების განმარტებასთან, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცავს პაციენტის უფლებას გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მონაცემების დამუშავების ყველა ეტაპი.


სამედიცინო სფეროში, სადაც პაციენტების ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ინფორმაცია ყველაზე მგრძნობიარეა, კონფიდენციალურობის დარღვევა არა მხოლოდ ეთიკურ და სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობს, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს თაღლითობა, მონაცემთა მანიპულაცია და სხვა სახის დანაშაულები.


სტატია ეფუძნება საქართველოს ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოსკანონი) და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR), რომლებიც განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, გამჭვირვალობას, მიზნობრიობასა და პაციენტის ინფორმირებულობის ხარისხს. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა სამართლებრივი, ეთიკური და ტექნოლოგიური კომპონენტები, მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოების რისკები, ალგორითმული დამუშავების სპეციფიკა და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ პაციენტის გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაზე.


ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა, რაც სამართლებრივად უფრო მკაცრ და ტექნოლოგიურად დაცულ მექანიზმებს საჭიროებს.


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული თანხმობის მექანიზმებს, რომლებიც მოითხოვს კომუნიკაციის უფრო მარტივ, წაკითხვად და მრავალდონიან ფორმატს, რათა პაციენტმა შეძლოს მონაცემთა დამუშავების მიზნების, მოცულობისა და შესაძლო შედეგების სწორად გაგება. ანალიზი ასახავს საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პაციენტზე ორიენტირებულ, გამჭვირვალე თანხმობის მოდელს.


ეს გამოწვევები განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ AI ალგორითმებს დიაგნოსტიკისთვის ან მონაცემთა პროგნოზირებისთვის, რასაც თან ახლავს მაღალი რისკი, რომ პაციენტის მონაცემები არასათანადოდ დამუშავდეს ან განისაზღვროს არასწორი ალგორითმული გადაწყვეტილებები.


ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს, როგორ შეიძლება საქართველოს სამართლებრივი და პრაქტიკული სისტემა ჰარმონიზდეს ევროპულ სტანდარტებთან ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინფორმაციული ავტონომია, მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ციფრული ჯანმრთელობის პირობებში.


ამასთან, პრაქტიკაში განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის პაციენტთა ციფრული უნარების დაბალი დონე და სამედიცინო დაწესებულებების ტექნოლოგიური შეზღუდვები, რაც უშედეგოდ აისახება ინფორმირებული თანხმობის ხარისხზე.

საკვანძო სიტყვები:
პერსონალური მონაცემები, სამედიცინო ეთიკა, მონაცემთა დაცვა, GDPR, ინფორმაციული უსაფრთხოება, პაციენტის უფლებები, ინფორმირებული თანხმობა
გამოქვეყნებული: იან 20, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები