პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ციფრულ ეპოქაში: ტელემედიცინა და მონაცემთა დაცვა
Main Article Content
ანოტაცია
ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ტელემედიცინა ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, უწყვეტობასა და ეფექტიანობას. ამასთან, დისტანციური სამედიცინო მომსახურების განვითარება წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ გამოწვევებს, განსაკუთრებით პაციენტის ინფორმირებული თანხმობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.
წინამდებარე კვლევის მიზანია ტელემედიცინის სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება პაციენტის ინფორმირებული თანხმობისა და მონაცემთა დაცვის კონტექსტში, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე. კვლევა ეფუძნება დოქტრინალურ, ისტორიულ და შედარებით სამართლებრივ მეთოდებს და მოიცავს ისეთ საერთაშორისო ინსტრუმენტებს, როგორიცაა GDPR, HIPAA და ISO 13131:2021, აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობის ანალიზს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო ზოგადად მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მონაცემთა უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, ტელემედიცინის სპეციფიკასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი - მათ შორის, დისტანციური ინფორმირებული თანხმობის ფორმის, მისი სამართლებრივი ვალიდურობის, პაციენტის იდენტიფიკაციისა და მონაცემთა დამუშავების პროცესის დეტალური წესების არარსებობა - ფრაგმენტულად და არასაკმარისად არის ნორმატიულად მოწესრიგებული.
ნაშრომში შემუშავებულია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს დისტანციური ინფორმირებული თანხმობის სავალდებულო სამართლებრივი სტანდარტის ჩამოყალიბებას, მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას და პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლების დაზუსტებას ტელემედიცინის პირობებში, რაც ხელს შეუწყობს პაციენტის უფლებების ეფექტიან დაცვას და საქართველოში ციფრული ჯანდაცვის სისტემის მდგრად განვითარებას.