პოლიტიკური კრიზისების გაშუქების სპეციფიკა დასავლური და ქართული მედიის მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
მედიის გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკური კრიზისებისას, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღება კონცენტრირდება პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ასეთ პირობებში მედია არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების არხია, არამედ აქტიური სივრცეა, სადაც ყალიბდება ის ინტერპრეტაციული ჩარჩოები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება აღიქვამს კრიზისულ მოვლენებს. პოლიტიკური კრიზისი ქმნის განსაკუთრებულ საინფორმაციო გარემოს, სადაც ინფორმაციის წარმოება, შერჩევა და ინტერპრეტაცია იქცევა პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთ ცენტრალურ მექანიზმად.
კრიზისულ პერიოდში მედიის როლი განსაკუთრებით იზრდება, რადგან სწორედ ამ დროს ხდება პოლიტიკური აქტორების ინტენსიური გაშუქება და საზოგადოებრივი წარმოდგენების ფორმირება. მედია ქმნის სიმბოლურ რეალობას, რომლითაც კრიზისი აისახება, ასევე ყალიბდება კონკრეტული ინტერპრეტაციული ფორმებით. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისების გაშუქება ინფორმაციულ პროცესთნ ერთად დისკურსული პრაქტიკაცაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების მიერ პოლიტიკური მოვლენების გააზრებაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის განსაზღვრასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.
ნაშრომის მიზანია პოლიტიკური კრიზისების გაშუქების სპეციფიკის ანალიზი დასავლური და ქართული მედიის მაგალითზე, მედია-დისკურსის, თხრობითი სტრუქტურებისა და ინტერპრეტაციული ჩარჩოების შედარებითი კვლევის საფუძველზე. კვლევის მიზანია გამოავლინოს, თუ როგორ განსხვავდება კრიზისული მოვლენების გაშუქება სხვადასხვა მედია-სისტემებში, რა ფაქტორები განსაზღვრავს გაშუქების სტილსა და შინაარსს, ასევე როგორ აისახება ეს პროცესები საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის ფორმირებაზე.
მეთოდოლოგიურად კვლევა ეფუძნება შერეულ კვლევით დიზაინს, რომელიც აერთიანებს თვისებრივ და რაოდენობრივ მიდგომებს. თვისებრივი ანალიზი მოიცავს მედია-ტექსტების დისკურსულ და შედარებით ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ჟურნალისტური თხრობითი სტრატეგიები და ინტერპრეტაციული მოდელები. რაოდენობრივი ანალიზი გამოიყენება მედია-კონტენტის სისტემური შეფასებისთვის, მათ შორის თემატური განაწილების, წყაროების სიხშირისა და აქტორების წარმოდგენის ინტენსივობის დასადგენად. ემპირიული მასალა მოიცავს დასავლური და ქართული სატელევიზიო მედიის საინფორმაციო და ანალიტიკურ პროგრამებს, რომლებიც შერჩეულია კრიზისული პერიოდების მიხედვით.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დასავლურ მედიაში კრიზისების გაშუქება უფრო მეტად ეფუძნება პროფესიულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს შედარებით დაბალანსებულ და მრავალწყაროიან დისკურსს. ქართულ მედიაში კი შეინიშნება შინაარსობრივი პოლარიზაცია, წყაროების შერჩევითი გამოყენება და პოლიტიკური აქტორების დომინანტური წარმოდგენა, რაც ხშირად იწვევს მიკერძოებას. ასევე დგინდება, რომ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური აქტორების ლეგიტიმაციისა და დელეგიტიმაციის პროცესში.
დასკვნით, კვლევა ხაზს უსვამს მედიის ინსტიტუციური გარემოსა და პროფესიული ეთიკის მნიშვნელობას პოლიტიკური კრიზისების გაშუქების ხარისხის განსაზღვრაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თეორიულ და პრაქტიკულ მედია-კვლევებში.