მედია პოლარიზაცია და დემოკრატიული მოწყვლადობა საქართველოში: ციფრული კომუნიკაციის როლი პოლიტიკური კრიზისების დროს
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია, როგორ აშუქებდა ქართული ონლაინმედია 2024 წლის 3 აპრილიდან 28 მაისამდე პერიოდში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს. კვლევის მთავარი ამოცანაა აჩვენოს, როგორ ვლინდება მედია პოლარიზაცია ციფრულ სივრცეში და რა ფორმით უკავშირდება იგი დემოკრატიული მოწყვლადობის გაძლიერებას.
კვლევა ეფუძნება ოთხი ონლაინმედიის - ImediNews.ge, TVPirveli.ge, 1TV.ge და Netgazeti.ge - 48 მედიატექსტის ანალიზს. ნაშრომში გამოყენებულია სტრუქტურირებული თვისებრივი კონტენტანალიზი და დისკურსის ანალიზი. ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა, გამოჩენილიყო არა მხოლოდ ის, რას აშუქებდნენ მედიასაშუალებები, არამედ ისიც, როგორ ასახელებდნენ მოვლენებს, ვის ანიჭებდნენ ლეგიტიმაციას, როგორ იყენებდნენ ემოციურ ენას და როგორ ქმნიდნენ „ჩვენ“ და „ისინი“ ტიპის დაყოფას.
კვლევამ აჩვენა, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური პროცესი სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებული ჩარჩოებით წარმოჩნდა. ერთ შემთხვევაში კანონპროექტი სუვერენიტეტისა და გამჭვირვალობის დაცვის მექანიზმად იყო წარმოდგენილი, მეორე შემთხვევაში კი - დემოკრატიული უკუსვლისა და ევროპული კურსისთვის საფრთხის ნიშნად. შედეგად, აუდიტორია იღებდა არა მხოლოდ განსხვავებულ შეფასებებს, არამედ განსხვავებულ მედიარეალობებს. ნაშრომის დასკვნით, პოლიტიკური კრიზისების დროს მედია პოლარიზაცია ამცირებს საერთო საინფორმაციო სივრცეს, აძლიერებს ბანაკურ აღქმებს და ართულებს ფაქტებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ დისკუსიას.