კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გავლენა სამეცნიერო ნაშრომების ფორმირებაზე

Main Article Content

ქრისტინე უბილავა

ანოტაცია

დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეცნიერო კვლევებში, რაც მას ერთ-ერთ შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცევს მკვლევრებისთვის. მისი გამოყენება საშუალებას იძლევა ეფექტურად დამუშავდეს დიდი მოცულობის მონაცემები, განხორციელდეს სწრაფი ანალიზი და შეიქმნას ინოვაციური მეთოდოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი აუმჯობესებს კვლევის ეფექტურობასა და სისწრაფეს, მისი არაეთიკურად გამოყენება იწვევს სხვადასხვა პროფესიულ გამოწვევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას, რომელიც აკადემიურ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.


ხელოვნური ინტელექტი, რომლის უპირატესობა მდგომარეობს მონაცემთა დამუშავების სისწრაფესა და სიზუსტეში, მრავალი სფეროს, მათ შორის, სამეცნიერო კვლევის, რევოლუციას ახდენს. თუმცა, მის გამოყენებას თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, რადგან ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, შესაძლოა აღმოჩნდეს არაეთიკური, მიკერძოებული ან მცდარი.


კვლევის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ის მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებას სამეცნიერო ნაშრომების შექმნის პროცესში, რათა განისაზღვროს, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული მონაცემების სიზუსტე, გამჭვირვალობა და ძირითადი ეთიკური პრინციპები სამეცნიერო ნაშრომის ფორმირებისას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „პრომპტების” ზუსტ ფორმულირებას, რადგან ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობა ხშირად დამოკიდებულია სწორად ჩამოყალიბებულ კითხვასა ან მოთხოვნაზე.


კვლევა ეფუძნება სისტემურ ანალიზს, რომელიც ასახავს არსებული ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების აუცილებლობას, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასთან სამეცნიერო პროცესებში. ნაშრომში ასევე განხილულია „პრომპტების“ სწორად გამოყენების პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და მიუკერძოებელი.


მიგნებები აჩვენებს, რომ წარმატებული ეთიკური რეგულაციებისა და პოლიტიკის განვითარება აუცილებელია იმისათვის, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ საფრთხე არ შეუქმნას აკადემიური კვლევების კეთილსინდისიერებასა და პროფესიულ სტანდარტებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდას.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, კეთილსინდისიერება, სამეცნიერო კვლევა, ეთიკა
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები