სახელმწიფოს რღვევის ნიშნები და ციკლები საქართველოში (1991-2012)

Main Article Content

ბექა კაციტაძე

ანოტაცია

ნაშრომში წარმოდგენილია სახელმწიფოს რღვევის ნიშნები და ციკლები, რომელიც საქართველოს გარკვეული პერიოდულობითა და განმეორებადი სახით გამოარჩევდა 1991-2012 წლებში, სამი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, და გამოიხატებოდა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის არარსებობით ან გავლენის ნაკლებობით სხვადასხვა მხარესა თუ ავტონომიურ რესპუბლიკაში. წინამდებარე საკვლევი მიზნის დასასაბუთებლად, ნაშრომში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები და მოვლენები, რომელთა შორის მოიაზრება 1991 წლის ბოლოს დაწყებული შეიარაღებული ამბოხება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ, 1991-1993 წლებში ეთნო-პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ასევე 1990-იანი წლებში განხორციელებული ტერაქტები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, ისევე როგორც 1999-2001 წლების კრიზისები კახეთის მხარის პანკისისა და 2006 წელს - კოდორის ხეობებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდგომარეობა 1991-2004 წლებსა და სამცხე-ჯავახეთის საკითხი 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე. დაბოლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს „აგვისტოს ომი“ და 2012 წელს განხორციელებული სამხედრო სპეცოპერაცია ლოპოტას ხეობაში, რომელიც ერთგვარი პოლიტიკური ბუნდოვანებითაა მოცული. კვლევის აქტუალობას ადასტურებს მკვლევართა დაინტერესება აღნიშნული საკითხის მიმართ, რაც თვალსაჩინოა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებით - ნარგიზა გამისონია და დოდო პერტაია (2009), დაზმირ ჯოჯუა (2010), რევაზ გაჩეჩილაძე (2013, 2017), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანგარიში (2014), შოთა ვადაჭკორია (2014), უჩა ბლუაშვილი (2015), ირაკლი ფერაძე (2018), ლია მელიქიშვილი (2019), Vahram Ter-matevosyan და Brent Currie (2019), დიმიტრი შველიძე (2021), ზვიად ძიძიგური (2024) და მექა ხანგოშვილი (2024). აქედან გამომდინარე, ნაშრომში წამოყენებული მიგნებები ეფუძნება მეორეული წყაროების, უფრო კონკრეტულად, მონოგრაფიებში, კვლევის ანგარიშში, სამეცნიერო სტატიასა და ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში მოცემული ძირითადი საკითხების ერთგვარ ანალიზს. შესაბამისად, ნაშრომი წარმოადგენს ე.წ. „სამაგიდო კვლევას“, თუმცა მოპოვებული წყაროების სახით მდიდარი საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენება, საკვლევი თემისადმი მიდგომის ორიგინალურობას უსვამს ხაზს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარეგანი თუ შინაგანი მიზეზებით გამოწვეული სახელმწიფოს ერთგვარი რღვევის ნიშნები, გარკვეული პერიოდულობით (იგივე - ციკლებით) იკლებდა ან იმატებდა საქართველოში. კერძოდ, 1990-იან და განსაკუთრებით, 2001-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფაქტობრივად რღვევის ზღვარზე იყო, ვინაიდან ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციისა და კონტროლის მიღმა იმყოფებოდა მრავალი დაჯგუფება, სეპარატისტული მოძრაობა და არაერთი ტერიტორიული ერთეული. 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ხელისუფლების მოქმედებების შედეგად, აჭარის თავნება ლიდერის პრობლემა გადაიჭრა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ვითარება გაუმჯობესდა. თუმცა, ე.წ. „ზემო აფხაზეთის“ შემოერთების მიუხედავად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ გაართვა თავი ოკუპირებული სეპარატისტული ერთეულების დაბრუნების საკითხს.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, სახელმწიფოს რღვევა, ომები, იურისდიქცია
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები