საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის იმპორტზე დამოკიდებულება: ტენდენციები და პერსპექტივები

Main Article Content

ლანა სულაკაძე

ანოტაცია

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ხოლო ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა საჭიროებს ეფექტიანი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ბუნებრივი გაზის წილი მთლიან ენერგომოხმარებაში 40%-ს აღემატება. ამასთან, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილება თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი მოპოვება მხოლოდ დაახლოებით 1%-ს შეადგენს. აღნიშნული დამოკიდებულება ზრდის ბუნებრივი გაზის ღირებულებას და შესაბამისად, უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ხარჯებზე.


საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს, რაც იმპორტის მოცულობის ზრდას განაპირობებს. მომხმარებელთა სტრუქტურა მოიცავს ოთხ ძირითად ჯგუფს: თბოსადგურებს, ავტოგაზგასამართ სადგურებს, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში თბოსადგურების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილი 20%-ს აღემატება, რაც მიუთითებს იმპორტირებული რესურსის მნიშვნელოვან როლზე ელექტროენერგიის წარმოებაში. აღნიშნული საბოლოოდ უარყოფითად აისახება კომუნალური მომსახურების ტარიფებზე.


ბუნებრივი გაზის სექტორი წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, რაც საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას. ამ ფუნქციას საქართველოში ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც გასცემს საქმიანობის ლიცენზიებს და ადგენს ტარიფებს ლიცენზირებული კომპანიების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საფუძველზე.


კვლევის მიზანია საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის არსებული მდგომარეობის შეფასება, ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის შესაძლო გზების შემუშავება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. ნაშრომში დასკვნის სახით წარმოდგენილია სექტორის განვითარების ძირითადი პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები:
ენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი, რეგულირება, იმპორტი
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები