რეგულაციების როლი მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობაში განვითარებად ბაზრებზე. საქართველოს მაგალითი
Main Article Content
ანოტაცია
განვითარებადი ბაზრების ფინანსური სისტემები ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებიან. ეს უმეტესად განპირობებულია მდგრადი განვითარების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების თემების აქტიური ჩართვით საბანკო საქმიანობის დღის წესრიგში, რომელიც მაღალი დონის საინვესტიციო გადაწყვეტილებების, გრძელვადიანი სტრატეგიების განსაზღვრისა და ცვალებადი მარეგულირებელი გარემოს განუყოფელი ნაწილი გახდა.
ნაშრომი მოიცავს კვლევას მდგრადი დაფინანსების კუთხით საქართველოში არსებულ მარეგულირებელ გარემოზე. კვლევაში უმეტესი აქცენტი ეთმობა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის განხილვას, რომელიც მოიცავს კონცეპტუალურ საფუძვლებს, გამოყენების მასშტაბებს და განხორციელების თავისებურებებს.
ნაშრომი ძირითადად ეფუძნება რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიას. მონაცემები დამუშავებულია სხვადასხვა მეორადი წყაროებიდან, როგორიცაა ეროვნული ბანკის ოფიციალური დოკუმენტები, კომერციული ბანკების ანგარიშები, თემატური სტატიები და ა.შ.
ტაქსონომია მდგრადი დაფინანსების ცენტრალურ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ის ადგენს კლასიფიკაციის სისტემებს მდგრადი აქტივობების იდენტიფიცირებისთვის. ტაქსონომიები ხელს უწყობენ საინვესტიციო ნაკადების მობილიზებას მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, ამცირებენ ინფორმაციის ასიმეტრიულობას, ასევე რეპუტაციულ რისკებს (ე.წ. „გრინვოშინგი“).
ნაშრომი იკვლევს, თუ როგორ იყენებენ ტაქსონომიას პრაქტიკაში ქართული კომერციული ბანკები, გამოავლენს გამოწვევებს, რომელიც არსებობს ეროვნული რეგულაციების დანერგვის კუთხით და ხაზს უსვამს ტაქსონომიის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის საჭიროებას.