ტრადიციის ინერცია მოდერნიზაციის ეპოქაში: სინოცენტრიზმის გავლენა ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე-დენ სიაოპინიდან სი ძინფინგამდე
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე კვლევა აანალიზებს სინოცენტრიზმის, როგორც მედეგი ცივილიზაციური თვითაღქმისა და კოგნიტური მატრიცის გავლენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ევოლუციაზე დენ სიაოპინის რეფორმებიდან სი ძინფინგის მმართველობამდე. ეყრდნობა რა სოციალურ-კონსტრუქტივისტულ პარადიგმას, ნაშრომი ჩინეთს განიხილავს არა კლასიკურ ვესტფალიურ ერ-სახელმწიფოდ, არამედ „ცივილიზაცია-სახელმწიფოდ“, რომლის საერთაშორისო ქცევას განაპირობებს ისტორიული ცენტრალურობის განცდა, „ჩაგვრის საუკუნის“ კოლექტიური ტრავმა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მისწრაფება.
სტატიის მთავარი მიგნებაა სინოცენტრიზმის ოპერაციონალიზაცია სამი ანალიტიკური განზომილებით, მათ შორის: ეპისტემური უპირატესობით, ნორმატიული ავტონომითა და ინსტიტუციური ალტერნატივით, რისი მეშვეობითაც ფასდება ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინების ტრანსფორმაცია სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე:
დენ სიაოპინის ეპოქაში სინოცენტრიზმი ტრანსფორმირდა „სტრატეგიულ თავშეკავებასა“ და ეროვნული ავტონომიის შენარჩუნებაში.
ძიან წემინისა და ჰუ ძინთაოს პერიოდში იგი გამოვლინდა გლობალურ ინსტიტუტებში (WTO) ინტეგრაციასა და რეგიონული ასიმეტრიების (ASEAN, SCO) ჩამოყალიბებაში.
სი ძინფინგის მმართველობისას სინოცენტრიზმმა შეიძინა ღია ნორმატიული და დისკურსული სახე „ეროვნული აღორძინებისა“ და გლობალური ინიციატივების (მაგ. BRI) მეშვეობით.
კვლევა ასკვნის, რომ ჩინეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა არ წარმოადგენს საერთაშორისო სისტემასთან უბრალო ადაპტაციას, არამედ არის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის გაგრძელება, სადაც პეკინი ცდილობს საკუთარი ისტორიული თვითაღქმისა და მზარდი შესაძლებლობების სინთეზით შექმნას ცენტრალიზებული, ალტერნატიული საერთაშორისო წესრიგის ელემენტები.