კრიზისის მართვის სამართლებრივი რეგულირება და ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატური საკითხები კოვიდ 19 პანდემიის დროს
Main Article Content
ანოტაცია
კვლევა განხორციელდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს მიერ დაფინანსებული კვლევის „ადამიანის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებათა დაცვის პრობლემები კოვიდ 19 პანდემიის პირობებში და საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები“ ფარგლებში. წინამდებარე კვლევა კომპლექსურია და ის განიხილავს პრობლემატიკას რამდენიმე ჭრილში, კერძოდ ერთი მხრივ პანდემიის დროს კრიზისების მართვის ჭრილში, ხოლო მეორე მხრივ ადამიანის უფლებების კონტექსტში. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პანდემიის პირობებში დანერგილი საკანონმდებლო ცვლილებები და მათი აღსულების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე. პამდემიის პირობებში შეიქმნა არაორდინარული სიტუაცია და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების
აუცილებლობა ართულებდა სამართლიანი და გაწონასწორებული ბალანსის დამყარებას ადამიანის უფლებებსა და ჯანდაცვის ინტერესებს შორის. სამართლიანი ბალანსის დამყარებისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად, ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა ინსტიტუციების მდგრადობა და კომპეტენტურობა.
პანდემიამ აიძულა ევროპის ქვეყნები, გაეტარებინა არაერთი ღონისძიება, აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია და ისინი ორდინარული (ჩვეულებრივი) სიტუაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე გაუმკლავდნენ ამ დიდ გამოწვევას. ფაქტია, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი იყო არა კორონავირუსის შიდა უკონტროლო გავრცელების საფრთხე, არამედ ქვეყანაში სათანადო სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფოს დაეწესებინა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფერისი ადამიანის უფლებათა შეზღუდვები.
პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება, სხვა მრავალ უფლებათა შორის, რისკის ქვეშ აღმოჩნდა კოვიდ-19 პანდემიის დროს. მუშავდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენდნენ არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციები, არამედ კერძო კომპანიებიც (მაგალითად თერმოსკრინინგის დროს). სწავლისა და მუშაობის პროცესი გადავიდა ონლაინ რეჟიმზე, რამაც გამოიწვია ელექტრონულად განსაკუთრებით დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შეიქმნა არაერთი ონლაინ აპლიკაცია და დამუშავდა მილიონობით ადამიანის გეოლოკაციის მონაცემები. კვლევის ფარგლებში ანალიზი გაკეთდება პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ შემოღებული შეზღუდვების სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მსგავსი საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად სახელმწიფოების მიერ რეაგირების მექანიზმების წინასწარ იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ კრიზის პირობებში გამოირიცხოს დაბნეულობა, ქაოტურობა და არათანმიმდებრული მოქმედებები. განსაკუთრებული გამოწვევა გახდა ქალთა მიმართ ძალადობა. ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის სტატისტიკა ისედაც ცხადყოფდა არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობას ამ ჭრილში, თუმცა კოვიდ 19 პანდემიის გამოძახილმა პრაქტიკულად აქაც თავისი გავლენა იქონია რაც ჩვენი კვლევის ერთ ერთი საგანია.