საერთაშორისო მედიაბრენდების ქართულ მედიასივრცესთან ინტეგრირების გამოწვევები და თავისებურებები ჟურნალ „PLAYBOY“-ს მაგალითზე
Main Article Content
ანოტაცია
წარმატებული საერთაშორისო მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოიცვან და დააარსონ საკუთარი ადგილობრივი რედაქციები. ბევრი მათგანი ამ ყოველივეს წარმატებით ახორციელებს, თუმცა, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ლოკალური რედაქციის მუშაობა წარუმატებელიც აღმოჩნდება.
უცხოური მედიაბრებდების ზოგიერთი კონტენტი ქართული მედიასივრცისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, რამაც მათ მედიაბაზარზე ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არაერთმა უცხოურმა საინფორმაციო საშუალებამ სცადა საკუთარი ადგილობრივი რედაქციის დაარსება, თუმცა, რამდენიმე მათგანი მალევე დაიხურა.
სამეცნიერო კვლევის მიზანია, განისაზღვროს კონკრეტული საერთაშორისო მედიაბრენდის საქმიანობის ფუნქციები, ისტორია, განვითარების ტენდენციები, სპეციფიკა, ავტორები და მისი ქართულ მედიასივრცეში შემოსვლის მიზნები, ხერხები და ფორმები. აგრეთვე, ჟურნალ “PLAYBOY”-ს მაგალითზე გავეცნოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მიზეზები და გარემოებები შეიძლება განაპირობებდეს საერთაშორისო მედიასაშუალებების ქართული რედაქციების დახურვას.
აღნიშნულ პუბლიკაციაზე მუშაობისას, საკვლევი თემის მიზნების განსახორციელებლად, საჭირო გახდა კვლევის სხვადასხვა თვისებრივი და შერეული ტიპის მეთოდის გამოყენება. ჯამში გამოვიყენე ხუთი მეთოდი. მიმჩნია, რომ აღნიშნული მეთოდები სავსებით რელევანტური გამოდგა საკვლევი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და მნიშვნელოვნად გაამარტივა ნაშრომში დასმულ საკვლევ კითხვებზე პასუხების გაცემა. კერძოდ, ეს მეთოდებია: შემთხვევის ანალიზის (ე.წ. Case Study), ისტორიული ანალიზის, კრიტიკული დისკურსის, შედარებითი და კონტენტ ანალიზის მეთოდები.
შემთხვევის ანალიზის (ე.წ. Case Study) გამოყენებით მოხდა ჟურნალ “PLAYBOY”-ს ქართული რედაქციის, როგორც ცალკე აღებული წარუმატებელი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი. ისტორიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით, გავაანალიზე ერთი კონკრეტული საერთაშორისო მედიაბრენდის, ჟურნალ “PLAYBOY”-ს დაარსებისა და შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ტენდენციები გასულ ათწლეულებში და როგორ მოხდა მისი ტრანსფორმირება გლობალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად.
კრიტიკული დისკურსის მეთოდი გამოვიყენე, კვლევით ნაშრომთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის დროს. შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით, “PLAYBOY”-ს ქართული გამოცემა შევადარე მის ორიგინალს, ამერიკულს. კონტენტ ანალიზის მეთოდი დამეხმარა, კვლევაში მიმოხილული საერთაშორისო მედიაბრენდის ქართული გამოცემების როგორც ინფორმაციული, ისე ვიზუალური კონტენტის შესასწავლად და მის დასახასიათებლად.
კვლევისას წარმოდგენილი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება დამეხმარა, რომ შესასწავლი საკითხი წარმოჩენილი ყოფილიყო მრავალფეროვნად და საინტერესოდ, რათა არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებას, არამედ, ზოგადად აღნიშნული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირსაც შესძლებოდა საკითხების გაგება და სწორად აღქმა. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ სტატია ხელს შეუწყობს თემის ირგვლივ არსებული ცოდნის გამრავალფეროვნებასა და სამეცნიერო დისკუსიების გააქტიურებას.
ძალზედ საინტერესოა, ზოგადად მედიასაშუალებების განვითარების ძირითადი ტენდენციები გლობალიზაციის პირობებში. აგრეთვე, როგორ ხდება საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება ქართულ რეალობაში. სწორედ ეს საკითხები განაპირობებს საკვლევი თემის აქტუალურობას. უცხოური ცნობილი მედიაბრენდების მახასიათებლები, პრინციპები, უცხოურ მედიასივრცეში მათი დამკვიდრების ფორმები და მეთოდები (საქართველოს მაგალითზე) არ არის სიღრმისეულად შესწავლილი თანამედროვე მედიამკვლევრების მიერ.
უმსხვილესი და წარმატებული მედიაბრენდების უცხოურ მედიასივრცეში დამკვიდრების პრობლემის შესწავლისადმი სტატიაში გამოყენებული მეცნიერული მიდგომები ითვალისწინებს საკითხის მრავალი წახნაგისა და ასპექტის ფართო კონტექსტის შესწავლას, კონცეპტუალურ გაანალიზებას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მეცნიერული აპარატის მეშვეობით დაკვირვება იმ პროცესებზე, თუ როგორ ხდება საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება ქართულ რეალობაში, რა სპეციფიკითა და მახასიათებლებით არის ეს პროცესი გამორჩეული.