ახალგაზრდობის თემატიკა ქართულ რეგიონულ რადიოში (რადიო „ათინათის“ მაგალითზე)

Main Article Content

მარიამ მარღია

ანოტაცია

დღეს საქართველოს მედიაბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტრადიციულ მედიასთან ერთად მრავლადაა საინფორმაციო სააგენტოები თუ ინფორმაციული ბლოგები. მედიასაშუალებათა სიმრავლის მიუხედავად, დომინანტობას ცენტრალური (დედაქალაქური) მედია ინარჩუნებს. მას ბიუჯეტი და რეიტინგი მაღალი აქვს, ამ ფონზე კი რეგიონულ მაუწყებლებს საკმაოდ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსით უწევს ფუნქციონირება.
ლოკალურ მედიას სპეციფიკური, ადგილობრივი თემებით შეუძლია საკუთარი აუდიტორიის უზრუნველყოფა. ხელსაყრელი მდებარეობა შესაძლებელს ხდის ოპერატიულად და მაქსიმალური დატვირთვით გაშუქდეს ადგილზე მიმდინარე სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება თუ ყოველდღიური აქტივობა. აღნიშნული კი კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები თუ ზოგადად მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის სიახლეების გასაგებად კომფორტული საშუალებაა.
მედია მისი მასობრიობით, აუდიტორიის მრავალფეროვანი ინტერესების გათვალისწინებითა და გამოხატვის ფორმებით გამოირჩევა. ინტერნეტის განვითარებამ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება წარმოუდგენლად სწრაფი და კომფორტული გახადა. ამიტომაც ე.წ გაჯეტებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დამოკიდებულება, პოპულარულს ხდის მოსაზრებას, რომ ტრადიციულ მედიას აუდიტორიის ეს ნაწილი სულ უფრო მეტად შორდება. ახალგაზრდები საზოგადოების განსაკუთრებით საინტერესო, მრავალფეროვანი და მუდმივად განვითარებისკენ ორიენტირებული ნაწილია. ამიტომაც მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა აუდიტორიის შენარჩუნება, მათი ინტერესების და მისწრაფებების გამოვლენა და გათვალისწინება.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალია შიდა თუ გარე მიგრაცია, საჭიროა მედიამ აქტიურად და ხშირად ისაუბროს კონკრეტულ რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საკითხების მოგვარების გზების ძიებისას საინფორმაციო ველის ათვისება მომგებიანი გზაა.
წარმოდგენილი კვლევის მიზანია, რადიო „ათინათის“ მაგალითზე წარმოაჩინოს ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვების გაშუქების მნიშვნელობა. გამოიკვლიოს ამზადებს თუ არა „ათინათი“ გადაცემებს ან/და რუბრიკებს ადგილობრივი ახალგაზრდების შესახებ. რა დრო ეთმობა და პრიორიტეტული არის თუ არა მედიასაშუალებისთვის ახალგაზრდების საკითხების გაშუქება.
ახალგაზრდების თემატიკით ლოკალური მედიის დაინტერესება, მისი ზოგადი გააქტიურება და ქვეყნის დღის წესრიგში ჩართვა ლოგიკურად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თავად რეგიონული მედიის განვითარების, აუდიტორიის ნდობის მოპოვებისა და რეიტინგების ზრდის პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
ახალგაზრდები, რეგიონული, ლოკალური, რადიო, გაშუქება, ათინათი
გამოქვეყნებული: სექ 1, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
მედიაკომუნიკაცია და მედიის ინტეგრაცია